თქვენი ქალაქი
თბილისი
 ზარი
x
+
ჩვენი კოორდინატები
70, Ir. Abashidze Str.+995 322 00 13 12
29°C

პაფოსი. დასვენება და ტურები2024

აღწერა

 

პაფოსი - თანამედროვე ტურისტული ცენტრი მუდმივად განვითარებადი ინფრასტრუქტურით. იგი ტურისტებს იზიდავს არაჩვეულებრივი ლანდშაფტით, ისტორიული ადგილებით, ულამაზესი ხედებით ყურეზე და შუასაუკუნეების ციხესიმაგრით. 

 პაფოსი 600 წლის განმავლობაში კვიპროსის დედაქალაქს წარმოადგენდა. ქალაქი იკავებს კუნძულის დასავლეთ ნაწილს; ჩრდილოეთით, სამხღეთითა და დასავლეთით აკრავს ხმელთაშუა ზღვა. მისი მოსახლეობა დაახლოებით 47 ათას ადამიანს შეადგენს. 

 პაფოსის სტუმრებს შეუძლიათ შეიგრძნონ საოცარი ატმოსფერო, რომელიც აქ უძველესი პერიოდიდან შემორჩა. ლეგენდის მიხედვით, სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთი აფროდიტა წარმოიშვა ზღვის ქაფისგან პაფოსთან ახლოს მდებარე დასახლება პეტრა ტუ რომიუში. გადმოცემის თანახმად, ის ვინც ამ არაჩვეულებრივ ადგილას ჩავა წყალში, უკეთესობისკენ შეიცვლება - აქ ქალებს უბრუნდებათ სილამაზე და ახალგაზრდობა, ხოლო კაცებს ემატებათ ძალა და სიმამაცე. 

  ქალაქი პაფოსი შედგება ორი ნაწილისგან. ერთი მდებარეობს კლდოვან პლატოზე, ნავსადგურიდან რამდენიმე კილომეტრში და ეწოდება კტიმა (რაც ბერძნულად ნიშნავს «მამულს, ნაკვეთს»). სანაპირო ზოლს იკავებს კატო პაფოსი (რაც ბერძნულად ნიშნავს «ქვედა ქალაქს»). პაფოსი, კვიპროსის სხვა ქალაქებთან შედარებით აოცებს მნახველს მსოფლიო მნიშვნელობის ისტორიული და არქიტექტორული ძეგლების სიმრავლით, რომლებიც UNESCO-ს დაცვის ქვეშ იმყოფებიან. ესენია მეფეების სამარხები და რომაული ვილის დიდებული ნანგრევები, არაჩვეულებრივი მოზაიკითა და გამოსახულებებით ბერძნული მითოლოგიის სცენებიდან, ასევე უამრავი ეკლესია და მონასტერი.

პაფოსის თვალწარმტაცი  ნავსადგური აგებულია ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის აყვავების პერიოდში. აქ განთავსებულია უამრავი რესტორანი, ბარი და კაფე. ცნობილ სანაპირო ტავერნებში სტუმრებს სთავაზობენ ტრადიციულ კვიპროსულ «მეზეს» - ახალდაჭერილი და გემრიელად მომზადებული ზღვის პროდუქტების კრებული.

ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შემონახვის მნიშვნელობის გარდა, ქალაქი წარმოადგენს მშვიდ, პრესტიჟულ კურორტს, ლამაზი ყურეთი, მოწესრიგებული და ხელუხლებელი პლაჟებითა და სასტუმროთა ფართო არჩევანით.

ღამის ცხოვრების მოყვარულებს ელოდებათ ბარები, ტავერნები, დისკოთეკები. ქუჩებში, რომლებიც სანაპირო ბულვარიდან ქალაქის ცენტრისკენ მიუყვება, ტურისტული ცხოვრება გრძელდება მთელი ღამის განმავლობაში.

კურორტი პაფოსი რეკომენდირებულია მათთვის, ვინც განწყობილია შეათავსოს შემეცნებითი დასვენება მშვიდ ატმოსფეროსთან, კომფორტთან და თანამედროვე კურორტის ფუფუნებასთან. კურორტი არაჩვეულებრივია რომანტიული მოგზაურობებისთვის.

 



პლაჟები

სანაპირო ზოლი ძირითადად კენჭიანია, მაგრამ არის ქვიშიანი პლაჟებიც. არსებობს შერეული ტიპის პლაჟები - ქვიშის და ამავდროულად წყალში კენჭებიანი შესასვლელით.

საუკეთესო ქვიშიან პლაჟად ითვლება Coral Bay-ის ყურეს სანაპირო, რომელიც მდებარეობს პაფოსის დასავლეთით, ავტობუსით 15 წუთის სავალ გზაზე. ეს არის გრძელი, ფართე, თეთრ ქვიშიანი პლაჟი, წყლის სპორტის დიდი არჩევანით. ზღვა ძალიან სუფთა, უსაფრთხო და არც თუ ისე ღრმაა. 

ნახევარკუნძულ Maa у Coral Bay-ის მეორე მხარეს არის ტყუპების ყურე  Corallia Bay, რომელის პოპულარულია სერფინგის მოყვარულებს შორის. 

 ჩრდილოეთით მდებარეობს Lara-ს ყურე - ეს განცალკევებული სანაპირო კუნძულის დასავლეთ ნაწილში, ყველაზე ლამაზ ადგილად ითვლება. აქ შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ მწვანე კუებს. ეს ადგილი ნაციონალურ ნაკრძალად ითვლება. 

კვიპროსის ტურიზმის ორგანიზაციის ჰეროსკიპუს პლაჟი (Geroskipou Beach) მდებარეობს პაფოსის ნავსადგურის აღმოსავლეთით. აღჭურვილია გამოსაცვლელი კაბინებით, მოქმედებენ რესტორნები, ბარები, ტავერნები. შესაძლებელია ქოლგისა და შეზლონგის დაქირავება.


ღირსშესანიშნაობები

 

შუასაუკუნეების ციხესიმაგრე

ბიზანტიური საპორტო ციხესიმაგრე, რომელიც ნავსადგურის დაცვას ემსახურებოდა. XIII საუკუნეში განახლდა, შემდეგ ვენეციელების მიერ 1570 წელს განადგურდა. ციხესიმაგრე XVI საუკუნეში თურქების მიერ იქნა აღდგენილი. კოშკიდან იშლება არაჩვეულებრივი პანორამული ხედი.

 

სამეფო სამარხები

კურორტის ერთ-ერთ ძირითად ღირშესანიშნაობას ფართომასშტაბიან ტერიტორიაზე მდებარე კუნძულის მდიდარი მაცხოვრებლების მიწისქვეშა სამარხები წარმოადგენს, რომლებიც ძვ.წ.IV საუკუნეს განეკუთვნება. რამდენიმე აკლდამას დორიული სვეტები ამშვენებს.

 

მოზაიკური კომპოზიციები

მდიდრული ვილების საოცარი იატაკის მოზაიკები, დათარიღებულია ძვ.წ. III საუკუნით, მასზე გამოსახულია სცენები ანტიკური მითებიდან. დიონისეს სახლი, თესევსის სახლი, აიონის სახლი, ორფეოსის სახლი - ეს არის ანტიკური ხელოვნების უნიკალური განძი, რომელმაც თავის აყვავების პერიოდს რომაულ პერიოდში მიაღწია.

 

Aphrodite Waterpark 

გასართობი აკვაპარკი, რომელიც იკავებს 35 ათას კვ.მ ტერიტორიას. მდებარეობს ულამაზესი ლანდშაფტის გარემოცვაში, პაფოსის ტურისტულ რაიონში. ყველა სასტუმროდან რომელიც გადაჭიმულია ყურეს გასწვრივ Coral Bay-მდე, ორგანიზებულია ავტობუსით მომსახურეობა.

სამუშაო დრო: მაისის დასაწყისიდან ოქტომბრის ბოლომდე  (მაისი-ივნისი - 10-30-დან 17-30 სთ მდე, ივლისი-აგვისტო - 10-00 – დან 18–00 სთ– მდე, სექტემბერი – ოქტომბერი– 10–00 – დან 17-00 სთ – მდე).

 

პაფოსის აკვარიუმი

აკვარიუმში შესაძლებელია მთელი ოჯახით გამგზავრება. აქ ნახავთ მსოფლიოს ოკეანეების, ზღვებისა და მდინარეების უამრავ ბინადარს. ახლოდან დაათვალიერებთ მტაცებელ თევზებს - ზვიგენებს, ნიანგებს. სეირნობის დროს ან შემდგომ შეგიძლიათ ესტუმროთ რესტორანს საიდანაც პორტზე იშლება საოცარი ხედი, აირჩიოთ საჩუქარი სუვენირების მაღაზიაში. აკვარიუმი განთავსებულია სასტუმრო Annabelle-თან ახლოს.

 

ცხენით ჯირითი

ცხენზე ჯირითის მსურველებს შეუძლიათ მოინახულონ Paddocks Riding School & Trekking Centre, სადაც შემოგთავაზებენ საათობრივ მოგზაურობებს, როგორც ჯგუფურად ასევე ინდივიდუალურად.

 

წყალქვეშა ცურვა

გამოცდილი მყვინთავები ჩადიან Jubilee Shoals-ს წყალქვეშა ხეობაში 17-დან 40 მეტრ სიღრმეზე, სადაც ნახულობენ საოცრად ლამაზ გამოქვაბულებს. აქ არის განუმეორებელი ზღვის ფლორა და ფაუნა - უამრავი მტაცებელი თევზი, ზვიგენები, რვაფეხები, მურენები.

მეთევზეთა ნავსადგურთან ახლოს მოქმედებს წყალქვეშ ცურვის ცენტრი CyDive.

 

ქალაქში გასეირნება

 ქალაქის ზედა ნაწილში მდებარეობს საქალაქო ბაზარი, რომელიც ღიაა ყოველდღიურად 13:00-მდე. მის დახლებზე ნახავთ, ხილს, ბოსტნეულს, ტკბილეულს, ცუკატებს, თაფლს. ბაზრის შიგნით იყიდება სხვადასხვა სუვენირები, ლეფკადის ცნობილი ნაქარგები, ხელნაკეთი სამკაულები. ბაზრის უკან მდებარეობს ულამაზესი სავაჭრო ქუჩა სამრეწველო და სუვენირების დახლებით. ქალაქის ჩრდილოეთით, ბაზრიდან ჩრდილო-დასავლეთით საინტერესო კოლორიტული თურქული უბანი მუტალოსია, რომელიც დღესაც ინარჩუნებს განსაკუთრებულ ტრადიციულ ატმოსფეროს.

კატო პაფოსი («ქვედა ქალაქი») ტურისტული ზონის ცენტრი მდებარეობს სასტუმრო Dionysos რაიონში და მუნიციპალურ პლაჟზე.

 

პეტრა ტუ რომიუ

საოცრად მიმზიდველი ადგილი ლიმასოლიდან პაფოსისკენ მიმავალ გზაზე (პაფოსიდან 25 კილომეტრში), კვიპროსის სანაპიროზე ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი. ლეგენდის თანახმად სწორედ აქ იშვა ზღვის ქაფისგან სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთი აფროდიტე. აუცილებლად ღირს ამ წყალში ბანაობა: ეს რიტუალი მატებს ახალგაზრდობას, სილამაზესა და ძალას.

 

იეროსკიპუ

სოფლის დასახელება მომდინარეობს «იეროს კიპოსი»-დან, რაც «წმინდა ბაღებს» ნიშნავს. გადმოცემის თანახმად, აქ აფროდიტასთვის მიძღვნილი ულამაზესი ბაღები იყო განთავსებული. ამ სოფელში  განვითარებულია სხვადასხვა სახის ტრადიციული რეწვა. ამ საოცარ ადგილას შგიძლიათ შეიძინოთ გემრიელი ტკბილეული ლუხუმი, მოინახულოთ ხალხური ხელოვნების მუზეუმი, რომლის ექსპოზიციაშიც ხალხური შემოქმედების ნიმუშები, თიხის ჭურჭელი, ხალიჩები, შარფები და სხვ.

 

ოდეონი

  უძველესი ამფითეატრი, რომელიც აშენებულია გათლილი კირქვის ბლოკებისგან ძვ.წ. II საუკუნეში. აქვე ახლოს უძველესი ასკლეპიონის ნანგრევებია, რომელიც მედიცინის ღმერთ ასკლეპიოსის საპატივცემულოდ იყო აშენებული. დღეს აქ რეგულარულად ტარდება მუსიკალური და სცენური წარმოდგენები.

 

მონასტრები

 პაფოსის რაიონში მდებარე შთამბეჭდავი მონასტრებდან აღსანისნავია  წმ. ნეოფიტეს მონასტერი, რომელიც თავად ბერის მიერ არის  კლდეში გამოკვეთილი. მონასტერში შემონახულია XII-XV საუკუნეების ბიზანტიური ფრესკების ნიმუშები. ასევე მთის ფერდობზე განთავსებული ხრისოროიატისა-ს მონასტერი,რომელშიც  აწარმოებენ საოცარ კვიპროსულ ღვინოებს. მონასტერში დაცულია ხატების კოლექცია, რომლებსაც დიდი კულტურული ღირებულება გააჩნიათ.