ბანსკო ბალკანეთის სამთო-სათხილამურო კურორტი
თქვენი ქალაქი
თბილისი
 ზარი
x
+
ჩვენი კოორდინატები
70, Ir. Abashidze Str.+995 322 00 13 12

ბულგარეთის ისტორია

ბულგარეთს უძველესი ისტორია გააჩნია, რომელიც იწყებს ათვლას ნეოლითის ეპოქიდან, როდესაც მცირეაზიის ტერიტორიიდან აქ  მომთაბარე ტომები ჩამოსახლდნენ. მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში ბულგარეთი არაერთი სახელმწიფოსა და იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა: ოდრისული სამეფოს, ბერძნული მაკედონიის, რომის იმპერიის, მოგვიანებით კი ბიზანტიის იმპერიის შემადგენლობაში, მე-15 საუკუნეში კი ოსმალეთის იმპერიის ბატონობის ქვეშ აღმოჩნდა. 
გამოცადა ომი, შემოსევა, დაპყრობა, მაგრამ მოახერხა აღორძინება, თავისი ერის გაერთიანება, კულტურული და ისტორიული თვითდამკვიდრება. 


ოდრისული სამეფო 
ძვ. წ. მე-6 საუკუნეში ბულგარეთის ტერიტორია  ძველი საბერძნეთის შემოგარენს წარმოადგენდა.  რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ჩრდილოეთიდან  აქ მოსული ინდოევროპული ტომებისაგან ჩამოყალიბდა თრაკიელების ტომი. სწორედ მათთან არის დაკავშირებული ბულგარეთის თავდაპირველი სახელწოდება -თრაკია.  თრაკიელები ამ ტერიტორიის ძირითად მოსახლეობად იქცნენ და ჩამოაყალიბეს საკუთარი სახელმწიფო- ოდრისული სამეფო, რომელშიც გაერთიანებული იყო ბულგარეთი,რუმინეთი, ჩრდილოეთ საბერძნეთი და თურქეთი. თრაკიელების მიერ დაარსებულ ქალაქებს-სერდიკას (თანამედროვე სოფია), ეუმოლპიადას (თანამედროვე პლოვდივი) – დღემდე არ დაუკარგავთ თავიანთი მნიშვნელობა. თრაკიელებს მდიდარი და განვითარებული ცივილიზაცი ჰქონდათ. მათ მიერ შექმნილი იარაღი და საყოფაცხოვრო ნივთები ბევრად წინ იყო იმ პერიოდზე. კოლონიური ომებით დასუსტებული ოდრისული სამეფო მაკედონიის გავლენის ქვეშ მოექცა, ძვ. წ. 46 წელს კი რომაული იმპერიის, მოგვიანებით  365 წელს ბიზანტიის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა.   


ბულგარეთის პირველი იმპერია 
ბულგარეთის პირველი იმპერია შეიქმნა 681 წელს, როდესაც ბულგარელებმა ასპარუხის მეთაურობით და სამხრეთ სლავური სახელმწიფოების დახმარებით ბალკანეთიდან განდევნეს ბიზანტიელები და დაარსეს ბულგარეთის პირველი იმპერია.   მისი ძლიერების მწვერვალზე სამეფო მოიცავდა ტერიტორიას ბუდაპეშტიდან შავ ზღვამდე და თანამედროვე უკრაინის ტერიტორიას დნეპრიდან ადრიატიკის ზღვამდე. ბულგარეთის სამეფო ბიზანტიისთვის ჩრდილოეთით მდებარე მთავარ მოწინააღმდეგეს წარმოადგენდა, რის გამოც მათ შორის რამდენიმე ომი მოხდა. ასევე იყო თანამშრომლობის პერიოდებიც, განსაკუთრებით არაბების მიერ კონსტანტინოპოლის ალყის დროს, როდესაც ბულგარეთმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა არაბების დამარცხებაში. ბულგარეთის იმპერია გახდა პირველი სლავური სახელმწიფო. 863 წელს ძმებმა კირილე და მეფოდიმ შექმნეს სლავური ანბანი - კირილიცა. ბულგარეთის პირველი იმპერია განიცდიდა ბიზანტიური კულტურის ძლიერ გავლენას, სწორედ ამან  განაპირობა 865 წელს მეფე ბორისის მიერ ბულგარეთის გაქრისტიანება, რამაც ხელი შეუწყო სლავებსა და ბულგარელებს შორის საზღვრების წაშლას და ერთიანი ეთნოსის შექმნას.


ბულგარეთის მეორე სამეფო
1018 წლიდან  ბულგარეთის სამეფო კვლავ ბიზანტიის ბატონობის ქვეშ მოექცა, ივან ასენის,პეტრესა და კალოიანის აჯანყების მეშვეობით 1187 წელს ბულგარეთის ნაწილი კვლავ დამოუკიდებელი გახდა. ასე შეიქმნა ბულგარეთის მეორე იმპერია, რომელმაც იარსება 1396 წლამდე.  თათრების, ბიზანტიელების,უნგრელების, სერბების მუდმივმა შემოსევებმა და ასევე შიდა აშლილობებმა დაასუსტა იგი. მას შემდეგ რაც იმპერია რამდენიმე მცირე სამეფოდ დაიყო (ტირნოვოს სამეფო, ვიდინის სამეფო, დობრუჯისდესპოტატი) XIV საუკუნის ბოლოს ოსმალეთის იმპერიამ ყველა მათგანი დაიპყრო.


ოსმალების ბატონობის პერიოდი
500 წლიანი ოსმალეთის ბატონობის შედეგად  ბულგარეთი სრულიად განადგურდა, შემცირდა  მისი მოსახლეობა, განადგურდა ქალაქები. უკვე 15 საუკუნიდან დაწყებული შეწყვიტა არსებობა ყველა ბულგარულმა სახელმწიფო ორგანომ, ეკლესიამ დაკარგა დამოუკიდებლობა და დაექვემდებარა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს. 
ადგილობრივ ქრისტიანებს ჩამოერთვათ ყველანაირი უფლება და დისკრიმინაციის ქვეშ იმყოფებოდა. ისინი იძულებულნი იყვნენ  გადაეხადათ მეტი გადასახადი, არ ქონდატ იარაღის ტარების უფლება, ოჯახში ყოველ მეხუთე  ვაჟიშვილს უნდა ემსახურა ოსმალეთის არმიაში. ბულგარელები არაერთხელ აწყობდნენ აჯანყებას, რათა ბოლო მოეღოთ ქრისტიანების მიმართ ძალადობისთვის, სამწუხაროდ ყოველ ჯერზე სასტიკად მარცხდებოდნენ.


ბულგარეთის ეროვნული აღორძინება
17 საუკუნეში ოსმალეთის იმპერიის გავლენა სუსტდება და ქვეყანში პრაქტიკულად ანარქიის პერიოდი დგება: ძალაუფლება კურდჯალას ბანდების ხელთაა, რომლებიც ატერორებენ ქვეყანას. ამ პერიოდში ეროვნული მოძრაობის აღორძინება ხდება, ისტორიული თვითცნობიერების მიმართ ხალხის ინტერესი იზრდება, ხდება ლიტერატურული ენის ჩამოყალიბება, მახვილდება ინტერესი საკუთარი კულტურის მიმართ, შენდება პირველი სკოლები, თეატრები, იბეჭდება გაზეთები ბულგარულ ენაზე და სხვ. 


ნახევრად  დამოუკიდებელი მონარქიული სახელმწიფო 
მონარქიული სახელმწიფო შეიქმნა ბულგარეთის განთავისუფლების შემდეგ ოსმალეთის ბატონობისგან, თურქების დამარცხების შედეგად რუსეთ-ოსმალეთის ომში  (1877 – 1878 წწ.) და უჩვეულო დამოუკიდებლობა მიიღო. ამ ისტორიულ მოვლენასთან დაკავშირებით ქვეყნის დედაქალაქში 1908 წელს ააგეს ალექსანდრე ნეველის ტაძარი, რომელიც იქცა არა მარტო ქალაქის,არამედ მთელი ქვეყნის სავიზიტო ბარათად. 
სან-სტეფანოს საზაო ხელშეკრულების  თანახმად ბულგარეთის შემადგენლობაში შევიდა ბალკანეთის ნახევარკუნძულის მნიშვნელოვანი ტერიტორია, რომელიც მოიცავდა მაკედონიასა და ჩრდილოეთ საბერძნეთს. მაგრამ დასავლეთის ზემოქმედებით, მოპოვებული დამოუკიდებლობის სანაცვლოდ ბულგარეთმა მიიღო ავტონომია ოსმალეთის იმპერიის ფარგლებში და მონარქიული მართველობის ფორმა გერმანელი პრინც ალექსანდრეს- რუსეთის მეფის ალექსანდრე II-ის ნათესავის მმართველობით.  ამის მიიუხედავად ბულგარეთმა შეძლო კვლავ გაერთიანება, ქვეყანამ შემოიერთა აღმოსავლეთ რუმელია, თრაკეას ნაწილი და ეგეოსის ზღვასთან გასასვლელი. მაგრამ ასეთი შემადგენლობით ბულგარეთმა მხოლოდ 5  წელიწადი იარსება (1913 -1918 წწ.), პირველი მსოფლიო ომის შედეგად ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი. 


ბულგარეთის მესამე სამეფო
ბულგარეთის მესამე იმპერია არსებობას იწყებს 1918 წლიდან . სამეფოს შექმნის თანავე მოუწია გადარჩენისთვის ბრძოლებში ჩაბმა და შემდგომი ათი წლის განმავლობაში სამ მსხვილმაშტაბიან ომში მონაწილეობდა - პირველ და მეორე ბალკანურ ომებსა და პირველ მსოფლიო ომში. შედეგად ბულგარეთს აეკრძალა ჯარის ყოლა და დიდი ბულგარეთის შექმნის იდეა ჩავარდა.  მეორე მსოფლიო ომში ბულგარეთის სამეფო ეროვნული იდეების გამო ისევ რჩება გერმანიის მხარეს და ისევ მარცხდება. 1946 წელს ბულგარეთში მეფობა გაუქმდა. ბოლო მეფე სიმეონი გააძევეს ქვეყნიდან და შექმნეს კომუნისტური სახელმწიფო -ბულგარეთის სახალხო რესპუბლიკა. 

კომუნისტური ბულგარეთი
კომუნისტური რეჟიმის დროს ბულგარეთმა მიაღწია კარგ შედეგებს სამრეწველო მოდერნიზაციის, ინდუსტრიალიზაციის და სოფლის მეურნეობის განვითარებაში.  რაც ქვეყანას დაეხმარა არა მარტო შეექმნა  სამუშაო ადგილები და უზრუნველყო მოსახლეობა სხვადასხვა კვების პროდუქტებითა და ნივთებით, არამედ გამხდარიყო უმსხვილესი ექსპორტიორი. ბულგარეთში წარმოებული პროდუქტები ძირითადად საბჭოთა კავშირში გადიოდა. ამ პერიოდში ასევე მოხდა ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. ბულგარეთის კურორტები დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ სსრ-ს მაცხოვრებლებს შორის.1989 წელს ე.წ პერესტროიკის ტალღამ ბულგარეთამდეც მიაღწია. ამავე წლის 9 ნოემბერს მოხდა კომუნისტური წყობის დაცემა და  კომპარტიის უცვლელი ლიდერის 78 წლის თეოდორ ჟივკოვის  დაკავება, რომელიც შემდგომ სასამართლოს წინაშე წარსდგა კორუფციისა და მექრთამეობის ბრალდებით. 


თანამედროვე ბულგარეთი
თანამედროვე ბულგარეთი ევროინტეგრაციის გზას დაადგა.  2004 წლის 29 მარტს ქვეყანა NATO-ს წევრი გახდა. 2007 წლის 1 იანვარს - ევროკავშირის. ბულგარეთი ტურისტებისთვის სულ უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება. ბულგარეთში დასვენება შესაძლებელია როგორც ზაფხულში, ასევე ზამთარში.  ქვეყანაში ვითარდება ტურისტული ინფრასტრუქტურა, შენდება ახალი სასტუმროები, ხდება სერვისის ხარისხის გაუმჯობესება.
დღეს ქვეყნის კურორტებზე მრავლადაა თანამედროვე და კომფორტული სასტუმრო კომპლექსები,მრავალფეროვანი საექსკურსიო მარშრუტები ,  გართობის სხვადასხვა ვარიანტები, ტურიზმის ალტერნატიული  ფორმები და რა თქმა უნდა მიმზიდველი ფასები. 
იმის მიუხედავად,რომ ბევრისათვის ბულგარეთი ზღვაზე დასვენებასთან ასოცირდება , ქვეყანაში არაჩვეულებრივი სამთო-სათხილამურო კურორტებია -ბანსკო,ბოროვეცი,პამპოროვო-ულამაზესი ბუნებით,თანამედროვე ტრასებით და სასტუმრო ბაზით.


Orphus system